ფსევდონიმი

ფსევდონიმი არის ხელმოწერა და სახელი, რომელსაც ატარებენ მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტ მოღვაწეები, მხატვრები, მსახიობები და სხვა. ფსევდონიმი ბერძნულად ნიშნავს “ტყუილ სახელს”, ხოლო ლათინურად “შეცდომებით წოდებულს” იგი ცვლის ნამდვილ გვარ-სახელს. ფსევდონიმით სარგებლობდნენ სხვადასხვა მიზნით: ცენზურისათვის თვალის ასახვევად, თანამოგვარეთაგან გამოსარჩევად. ფსევდონიმი შეიძლება ლიტერატურული მისტიფიკაციის ერთ-ერთ სახეობად ჩაითვალოს. ზოგიერთ ავტორს ძირითადის გარდა კიდევ რამდენიმე ფსვდონიმი ჰქონდა მაგალითად ლენინს 150, ვოლტერს _ 160-ზე მეტი. ხშირად ფსევდონიმი მთლიანად დევნის ნამდვილ გვარსა და სახელს და იკავებს მათ ადგილს მაგალითად მაქსიმ გორკი; ვაჟა-ფშაველა. ზოგჯერ ფსევდონიმი მიგვანიშნებს პიროვნების ეროვნებას, (ლესია უკრაინკა, იეთიმ გურჯი) დაბადების ადგილს (შიო არაგვისპირელი) პროფესიას, ხასიათის ან შემოქმედების დამახასიათებელ ნიშანს. ზოგჯერ ფსევდონიმი თვალის ასახვევად არასწორად მიუთითებს სქესზე მაგალითად ჟორჟ სანდი _ ავრორა დიუდეკანი. არსებობს ფსევდონიმის 50-ზე მეტი სახეობა. მის კლასიფიკაციას ახდენენ გარეგანი აგებულებისა და შინაარსობრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით. ფსევდონიმი საკმაოდ გავრცელებულია ხელოვან ადამიანთა შორისაც. მათგან აღსანიშნავია გენიოსი მხატვრის _ ფიროსმანის ცხოვრება და შემოქმედება.

ფიროსმანი-გენიოსი მხატვარი


ნიკო ფიროსმანიშვილი _ გენიოსი მხატვარი საქართველოს ერთ-ერთი იმ ღირსეულ შვილთაგანია, რომელიც შემოქმედებით წვაში ისე დაიფერფლა და გადნა ხალხის გულში, რომ მის ცხოვრებასა შემოქმედებაზე ლეგენდებისა თუ ვერსიების მეტი აღარაფერი შემოგვრჩა. რა იქნებოდა ამ “მარტოდენ გულსა და ბაჯაღლო პატიოსნებას” “დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად” შთამომავლობისთვის თუნდაც დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი შემოენახა და ორიოდ შტრიხში მოემწყვდია საკუთარი სული წვის მიზეზი . . . ნიკო ფიროსმანიშვილმა დაგვიტოვა განძი, რომელიც წლების მანძილზე ელოდა თავის აღმომჩენს. დღეს ეს განძი მზის სინათლეზე კაშკაშებს და ოქროს ასოებით წერს ქართული ხელოვნების ისტორიის ახალ ფურცლებს. ნიკო ფიროსმანიშვილი მიჩნეულია ახალი ქართული მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და უდიდეს წარმომადგენლად. მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო განათლება არ მიუღია, თავისი გენიოსური ნიჭის, გასაოცარი შრომისმოყვარეობის, მიზანსწრაფულობის აღქმის სიღრმისა და სულიერი სიმდიდრის წყალობით სრულიად განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია, მსოფლიო მნიშვნელობის შემოქმედად იქცა. ქართველი ერის წარმოდგენაში ნიკო ფიროსმანიშვილი მხატვრის სინონიმად იქცა ნიკოს ცხოვრება უკვე მითოსურ საბურველში გაეხვია, ჩვენ ვეღარც კი წარმოგვიდგენია ჩვენი ნიკალას გარეშე ქართული ხელოვნება და ქართული სულიც მისი შემოქმედება ჩვენი ყოფისა და ჩვენი მსოფლმხედველობის ნაწილი გახდა. ნიკო ფიროსმანიშვილი თითქოს ყოველთვის არსებობდა, მისი ნაღვაწი უკვე დიდი ხანია, ჩვენი ცხოვრების მარადი თანამგზავრია და იმდენად შევისისხლხორცეთ, რომ გვიძნელდება იმ დროების წარმოდგენა, როცა ჩვენი ფიროსმანი არ იყო ამ ქვეყნად მოვლენილი.