ფიროსმანი-გენიოსი მხატვარი


ნიკო ფიროსმანიშვილი _ გენიოსი მხატვარი საქართველოს ერთ-ერთი იმ ღირსეულ შვილთაგანია, რომელიც შემოქმედებით წვაში ისე დაიფერფლა და გადნა ხალხის გულში, რომ მის ცხოვრებასა შემოქმედებაზე ლეგენდებისა თუ ვერსიების მეტი აღარაფერი შემოგვრჩა. რა იქნებოდა ამ “მარტოდენ გულსა და ბაჯაღლო პატიოსნებას” “დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად” შთამომავლობისთვის თუნდაც დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი შემოენახა და ორიოდ შტრიხში მოემწყვდია საკუთარი სული წვის მიზეზი . . . ნიკო ფიროსმანიშვილმა დაგვიტოვა განძი, რომელიც წლების მანძილზე ელოდა თავის აღმომჩენს. დღეს ეს განძი მზის სინათლეზე კაშკაშებს და ოქროს ასოებით წერს ქართული ხელოვნების ისტორიის ახალ ფურცლებს. ნიკო ფიროსმანიშვილი მიჩნეულია ახალი ქართული მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და უდიდეს წარმომადგენლად. მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო განათლება არ მიუღია, თავისი გენიოსური ნიჭის, გასაოცარი შრომისმოყვარეობის, მიზანსწრაფულობის აღქმის სიღრმისა და სულიერი სიმდიდრის წყალობით სრულიად განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია, მსოფლიო მნიშვნელობის შემოქმედად იქცა. ქართველი ერის წარმოდგენაში ნიკო ფიროსმანიშვილი მხატვრის სინონიმად იქცა ნიკოს ცხოვრება უკვე მითოსურ საბურველში გაეხვია, ჩვენ ვეღარც კი წარმოგვიდგენია ჩვენი ნიკალას გარეშე ქართული ხელოვნება და ქართული სულიც მისი შემოქმედება ჩვენი ყოფისა და ჩვენი მსოფლმხედველობის ნაწილი გახდა. ნიკო ფიროსმანიშვილი თითქოს ყოველთვის არსებობდა, მისი ნაღვაწი უკვე დიდი ხანია, ჩვენი ცხოვრების მარადი თანამგზავრია და იმდენად შევისისხლხორცეთ, რომ გვიძნელდება იმ დროების წარმოდგენა, როცა ჩვენი ფიროსმანი არ იყო ამ ქვეყნად მოვლენილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий